ხალხი და პოლიტიკოსები
ქვეყნის პერსპექტივა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ხალხის ნების ასახვის ხარისხისა სახელმწიფოს მართვაში.
ქვეყნები, რომლებშიც ხალხი ახვევს პოლიტიკოსებს თავის ნებას წარმატებული ქვეყნებია, რამდენადაც მაღალია გავლენის ხარისხი იმდენად სტაბილურია სახელმწიფო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში საზოგადოება უფრო მომზადებული და ზნეობრივია ვიდრე პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში არსებობს განწყობა, რომ საზოგადოება არაადეკვატურია და ამიტომ პოლიტიკოსები „იტოვებენ უფლებას ჭეშმარიტების სახელით“ ხალხის ნების მოპარვისა, ვითომდაც ისევ მათი ინტერესიდან გამომდინარე.
ხალხის ნება საფუძველია სახელმწიფოს მშენებლობისა. მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს აქვს თვითგანვითარების უდავო უფლება-იმოქმედოს თავისი ინტერესების შესაბამისად, უფრო მეტიც აქვს შეცდომის დაშვების და თავისივე დაშვებული შეცდომის გამოსწორების უფლება. ხალხის ზეგავლენის მექანიზმი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და მობილური, ხმის უფლების მქონეთა 10%-ს უნდა შეეძლოს რეფერენდუმის დანიშვნა.
პოლიტიკოსი არის ხალხის მიერ დაქირავებული მენეჯერი, რომლის მატერიალური უზრუნველყოფა ხდება ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით. პოლიტიკოსების სიყვარული ხალხის მიერ სასაცილოა, (ისეთივე სასაცილო, როგორც ტაქსის მძღოლის სიყვარული, რომელსაც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დანიშნულების ადგილამდე მიყავხარ.) ფანატიზმი ჩამორჩენილობის ნიშანია. ყველაზე მეტი, რაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიიღოს ხალხის პატივისცემაა. ხალხის სიყვარული საზოგადო მოღვაწეთა ხვედრია და ამიტომ ისინი თუ ამისი საშუალება გააჩნიათ, უნდა ცდილობდნენ აერიდონ სახელმწიფო მართვის ბერკეტებთან დგომას.
პოლიტიკოსები უდიდეს პატივად უნდა თვლიდნენ იყვნენ ხალხის რჩეულნი. ამ ნდობას ისინი უნდა იმსახურებდნენ მთელი განვლილი ცხოვრებით. არ უნდა არსებობდეს უპასუხო კითხვები მათ ბიოგრაფიაში. მოთხოვნები უნდა იყოს: ქმედითუნარიანობის, ეროვნულად საიმედოობის, ინტელექტუალური პოტენციალის, ზნეობრივი კონდიციის, განათლების მაღალი სტანდარტისა და ღირსების კრიტერიუმებით. საჭიროა მათი მუდმივი ლუსტრაცია. ყოველ არაკანონიერ ქმედებაზე მწვავე რეაქცია, საზოგადოების მხრიდან. პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისას ნულოვანი ტოლერანტობა არის პოლიტიკური ცხოვრების სიჯანსაღის საფუძველი.
საზოგადოების და პოლიტიკოსის ურთიერთობაში საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს მგლის როლში, რათა აიძულებდეს პოლიტიკოსებს იცხოვრონ კურდღლის სიფხიზლით. სამწუხაროა, მაგრამ დემოკრატიის ხარისხი ამ კუთხით საქართველოში ჯერჯერობით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ინიციატივას პოლიტიკოსები ფლობენ და ამიტომაც სახეზეა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, რაც ქვეყანას უფსკრულისაკენ მიაქანებს.
ხელისუფლება იქნება იმ დოზით უსინდისო, რამდენის საშუალებასაც მისცემს მას ხალხი. გამოსავალი მხოლოდ ერთია, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას უკან დახევა, მისი უკომპრომისობა და შემტევი პოზიცია განსაზღვრავს მის მომავალსა და კეთილდღეობას.
განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პროგრამების მიმართულების, პრიორიტეტების წარმოდგენისა და რეალიზების უნარის მიხედვით, პოლიტიკოსების კარიერის დაწყებიდან დამთავრებამდე ხდება მათი მუდმივი ლუსტრირება, როგორც ანგარების, ისე ზნეობრივი პროფილით, რაც არ უტოვებს პოლიტიკოსს არავითარ შანსს, თუნდაც მცირედი გადაცდომის შემთხვევაში დარჩეს პოლიტიკაში. ხოლო ახალგაზრდა პოლიტიკოსთათვის ხდება მამოძრავებელი ძალა ბუნებრივი წახალისებისა, ზნეობისა და სამართლიანობის კუთხით.