SOS
რვა პარტია ფორუმმა შეკრიბა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ოთხპუნქტიანი პაკეტი შესთავაზა. მას თეა წულუკიანმა ალასანიას გზა უწოდა. ინგა გრიგოლიამ - ქდმ-ს ინიციატივა.
ეს არც ალასანიას გზაა და არც ქდმ-ს ინიციატივა. როდესაც 2008წლის დასაწყისში ფორუმმა კომიტეტების შექმნა გადაწყვიტა, კახა შარტავას მივმართე, რომ არ მჯეროდა ბრძოლის ამ მიმართულების ეფექტურობის - დაპირისპირება წარმატებული იქნებოდა თუ ოპონირების მთავარ მიმართულებად ოპოზიცია ისეთ უდავო საკითხს გახდიდა, როგორიც საარჩევნო კანონმდებლობაა და წარვუდგინე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა 10 პუნქტი, რასაც შემდგომ 450-მა ქართველმა ადვოკატმა მოაწერა ხელი და ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ ადვოკატებმა აქციებიც გაიმართეს, სადაც საჯაროდ დაწვეს საარჩევნო კოდექსი.ამ 10 პუნქტიდან ერთი ნაკვეთურიანი ბეჭედი მსოფლიოს მასშტაბით სიახლეა და ის რვიანის მოთხოვნათა ოთხ პუნქტშიც შევიდა. თუ დემოკრატიას, ვირჩევთ უდა ვიცოდეთ ის ფორმულა 1 ის ბოლიდივითაა - წარმატების მოტანა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სრულყოფილებაში, სხვა მხრივ ისეთივე საფრთხეების შემცველია,როგორც გაუმართავი ბოლიდი ავტოდრომზე.
საზოგადოება პრინციპულ შეცდომას უშვებს, როცა პრობლემების გადაჭრას ხელისუფლების შეცვლაში ხედავს. საკითხის მოგვარება მხოლოდ ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღებაშია, რისი უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება სამართლიანი არჩევნებია. ხელისუფლებას ლაგამი საზოგადოებისთვის იმიტომ აქვს ამოდებული, რომ ხალხმა ვერ უზრუნველყო სამართლიანი არჩევნები,რითაც თავისი კუთვნილი არჩევის უფლება ფუქსავატურად გაანიავა და სახელისუფლებო გუნდს მისი ადვილად მოპარვის საშუალება მისცა. მოქალაქეს თავისი რჩეულის ბედი ისე არ უნდა ადარდებდეს, როგორც ხალხის ნების გამარჯვება.
ვარდების რევოლუციამ ილუზია შვა: თითქოს ხალხი ქუჩაში საკმარისია ხელისუფლების შესაცვლელად. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკით არ დასტურდება იმედგაცრუებული ადამიანებისთვის გრძელვადიანი სატყუარა გამოადგა, მოსახლეობის ნაწილმა ვერ გაათვითცნობიერა ვარდების ანატომია.- არ სჯერა, რომ სააკაშვილი მსახიობი იყო და არა შემოქმედი [ამის ნათელი მაგალითი სერბეთია], ნამდვილი ავტორები კი ქვეყნის გარეთ არა მხოლოდ სცენარს წერდნენ: ამზადებდნენ კადრებს, აფინანსებდნენ და სერბეთისგან დამატებით ზეგავლენის ბერკეტებსაც ფლობდნენ შევარდნაძეზე. მხოლოდ შიდა რესურსით ვარდების თეატრის გადამღერება ,,ლაივში“ სისხლიანი ამოცანაა და ქვეყნის პერსპექტივაზე დადებული ბორკილი.
მხოლოდ სამართლიან არჩევნებს შეუძლია უზრუნველყოს ერის რეალური პოლიტიკური პოტენციალის წარმოჩენა, იმ ხუთი პან ქართული ამოცანიდან: პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება, სამართლის დამკვიდრება, დემოგრაფიული კატასტროფის ლიკვიდაცია, ეკონომიკის აღორძინება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ქრონოლოგიურად პირველი სამართლიანი არჩევნებია-მისთვის ბრძოლის დაწყების დაყოვნება დანაშაულია-სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ეროვნული ენერგიის კონცენტრაცია -ეს უნდა გახდეს უკომპრომისობისა და ერთობის მაგალითი.
ზნეობრივია რვიანის მოთხოვნა: საარჩევნო სამართალი ძალაუფლების ნაცვლად - ნიშნავს პოლიტიკური კულტურის საფეხურებრივ ზრდას. ამ პროექტის ტორპედირება ჩვენი ხალხის პოლიტიკური არათანმიმდევრულობის და კოლექტიური უპასუხისმგებლობის დემონსტრირება იქნება. არასამართლებლივად ხელისუფლების პერმანენტულად ცვლის სურვილი სახადია, რომელიც დიდი ხანია პრაქტიკიდან ამოიღეს ცივილიზებულმა ერებმა.
საარჩევნო კანონმდებლობისთვის ბრძოლა დღესაც და პერსპექტივაშიც, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აბსოლიტურად სწორად არჩეული გზაა მაგრამ ის წინააღმდეგობაშია, როგორც ხელისუფლების, ისე დაბალრეიტინგიანი ოპოზიციის ინტერესებთან -პრობლემა ძალაუფლების მაძიებელთა მადისა და რეიტინგის დისპროპორციაშია. მათთვისაც სამართლიანი არჩევნებით შეუძლებელია ხელისუფლებაში მოსვლა, მითუმეტეს მონარქის უფლებების მიღება. ამიტომ ბევრი მათგანი პროცესიდან ელის სარგებელს. სამართლიანმა არჩევნებმა მათი პოზიციები შესაძლოა გააუარესოს კიდეც, ამიტომ მცდელობაა, რომ ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი საქმე ხალხის მოტყუებად წარმოჩინდეს.
ამ პროექტის წარუმატებლობა არაკვალიფიციურობით ვერ აიხსნება, გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების დაწყებამდე კომპრომისებისთვის [საკითხავია რას ნიშნავს კომპრომისი კანონშემოქმედებაში? ] გამოთქმული მზადყოფნა და იმ პოლიტიკურ კომბინატორთა პოზიციაც, რომლებიც შანტაჟით და თემის გაბაიბურებით ცდილობენ აიძულოს ოპოზიცია უმოტივაციოდ მიატოვოს მოლაპარაკებები -ეს კედელთან მიყენებული მიშასთვის საშველი რგოლის გადაგდებაა... პალიკოს ყველა უარი კოდექსის გასწორების სამართლიან მოთხოვნაზე სახელისუფლებო გუნდის არალეგიტიმურობის თვითმხილებაა.
შესაძლებელია თუ არა სწორი საარჩევნო კანონით ხელისუფლების დამარცხება? ცალსახად შეიძლება ითქვას კი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებას მკაფიოდ არავინ განუმარტა სწორი საარჩევნო კანონმდებლობის ეფექტურობის ინდექსი.
საარჩევნო კანონმდებლობის გადამწყუეტი როლი არჩევნებში ადეკვატარად აქვთ გათვითცნობიერებული ხელისუფლებაში მყოფ არჩევნების ფალსიფიკატორებს, მათთვის ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია, ამიტომ ჭიმავენ მოლაპარაკებების პროცესს, იცავენ თავგამოდებით კოდექსის გამრუდებულ მუხლებს, ყველაზე უკეთ თვითონ იციან სტალინის უკვდავი კრებითი ფრაზის ,,არჩევნებს იგებს, ის ვინც ითვლის არჩევნებს“ მნიშვნელობა.
ყოველი არჩევნების წინ წორედ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უზრუნველყოფს იმ ახალი ხრიკების გამოყენებას, რაც გარანტიას აძლევს სახელისუფლებო გუნდს მიმდინარე კამპანიის მოგების -პირველ რიგში კი საარჩევნო კომისიების დისკრიმინაციული დაკომპლექტების წესი ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უზრუნველყოფას, რაც ბევრ მიშას მოწინააღმდეგეს თავისი ნების წინააღმდეგ ითრევს ნაცების ბანაკში.
უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს არჩევნების პროცესს მაგრამ გადამწყვეტი მაინც საარჩევნო კომისიებია-კომისია რომლის ობიექტურობასაც შეუძლია კოდექსის თითქმის ყველა სიმახინჯის გამოსწორება. ნაცებისა მესმის საბნის გადათრევას ცდილობენ მაგრამ ოპოზიციონერი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ფორმულას 7+6 პარიტეტს რომ უწოდებს ...რა დავარქვა არ ვიცი! კიდევ უარესი: რვიანმა ნაცების ექვსი წევრის მაღალქულიანებით ჩანაცვლება მოითხოვა თითქოს ცოდნის დეფიციტი იყოს არჩევნების გაყალბების მთავარი მიზეზი. კოსმეტიკური ცვლილებები რაც მმართველ გუნდს დემოკრატიის ნიღბად სჭირდება განხორცელებადია მხოლოდ ოპოზიციის კომპრომისის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ამ სწორი იდეის გაცუდებისა დაეკისრებათ იმ ოპოზიციონერებს ვისაც მზად არის დათმოს საარჩევნო კოდექსის საკვანძო პუნქტები. უსაფუძვლოა მათი ჩივილი ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტის არქონის თაობაზე, მხოლოდ ბოიკოტის ერთობლივი ორგანიზებაც კი უმძლავრესი იარაღია.
წინა არჩევნებში თუნდაც სამართლიანი გამარჯვება და პარლამენტში უმრავლესობით ყოფნა არ აძლევს სახელისუფლებო პარტიას მომდევნო არჩევნებში თავისი პირობების კარნახის უფლებას. წინა არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის მართვის მოპოვების უფლებაა დროის წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში და არა მომდევნო არჩევნების ჩატარების ეკლუზივი. ეს თემა კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს ძალაუფლების მიტაცების აკრძალვასთან უნისონში. პალიკოს განცხადება ცვლილებებს მიიღებს თავისი ნებიდან გამომდინარე, ძალაუფლების მითვისებაა ვინც არ მეთანხმება, ვეკითხები: ხელისუფლებას თავისი საკონსტუციო უმრავლესობით აქვს საშუალება ჩაწეროს საარჩევნო კოდექსში, რომ ნაცების მიერ მიღებული ერთი ხმა ჩაითვალოს ათად. საშუალება კი, მაგრამ უფლება?.. ან განა ბარსელონას ჩემპიონობა ნიშნავს მისთვის ესპანეთის მომდევნო პირველობაზე მსაჯების დანიშვნის უფლების მოპოვებას?...
არჩევნების ნორმალურად ჩატარება სამართლიანია მხოლოდ სრული პარიტეტის შემთხვევაში 17 კვალიფიციური სუბიექტის თითო წევრით საარჩევნო კომისიებში, პლიუს არჩევნების შეჯამება სიითი შემადგენლობის 2/3 ით.
საარჩევნო კოდექსის მნიშვნელობა მრავალასპექტიანია. მიუხედავად უგულავას მიღებული 55%ისა ბარიერი 50%რომ ყოფილიყო ის ქალაქის მერი ვერ გახდებოდა ალოგიკურია ,მაგრამ ეს დომინოს პრინციპზე დაყრდნობილი საარჩევნო მათემატიკაა, დომინოს პრინციპი კი ისე არსად არ არის მაღალეფექტური ,როგორც ქართულ არჩევნებში.
საარჩევნო კანონმდებლობის გამრუდება გაყალბების საფუძველია. ქართულმა სინამდვილემ დაადასტურა პრაქტიკაში, რომ რეალური 37% მიღებული ხმებით ნაც. მოძრაობამ 80% მანდატებისა მიიღო პარლამენტში, რაც კონსტიტუციის მეხუთე მუხლთან შეუსაბამობაშია. ხალხის მიერ გაცემული ხმები და მიღებული პოლიტიკური ძალაუფლება ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.
ბანალური კითხვა: დათმობს?
რას არ თმობს რაც არ ეკუთვნის? არ ვიცი რა ჰქვია ამას როცა ადამიანები ამბობენ, რომ მათ კუთვნილ საარჩევნო უფლებას არ დათმობს ძალაუფლების მიმტაცებელი. სამართლის სახელით ზოგადად და საქართველოს კონსტიტუციით ძალაუფლება ხალხის კუთვნილებაა, ამიტომ საარჩევნო კანონმდებლობის გაკეთილშობილების ფორსირება მისი უფლებაც არის და მოვალეობაც.
სამწუხაროდ კარგ საქმეებს ქართულ პოლიტიკაში გამფუჭებლები არ აკლია სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში ბარიერს ვერ დაძლევს და ეს მათ ჩვენზე უკეთ უწყიან ამიტომ მათი პრაგმატიზმი გადართულია არა სამართლიანი არჩევნების მიმართულებით, არამედ სამწუხაროდ თავისი ადგილის მონიშვნისკენ საარჩევნო პროცესში ამიტომაა რომ:
1.საჯარო არ გახდა რვიანის მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტი.
2. განცხადება კომპრომისების მზადყოფნის თაობაზე რომელიც მოლაპარაკების დაწყებამდე გაკეთდა.
3.განსახილველ საკითხებში არ იქნა შეტანილი რეფერენდუმით მიღებული პარლამენტის დაკომპლექტების [100პროპორციული 50 მაჟორიტარი] წესი.
4.დაფიქსირდა მომლოდინური, კაპიტულანტური პოზიცია ხელისუფალის უარების და მოლაპარაკებების დროის გაწელვის მიმართ.
5.კიდევ უფრო ცუდი სიტუაციაა სამოქალაქო სექტორში: ქართული აკადემიის წარმომადგენლები - ბატონები თემურ ნანეიშვილი და ნუკრი ქანთარია დაუკავავშირდნენ ბატონ იური ვაზაგაშვილს და სთხოვეს ჩართულიყო მონიტორინგის ჯგუფში, რომელიც დააკვირდებოდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რაზედაც ბატონმა იურიმ უპასუხა: ,,მე ეგ საქმე არ ვიცი მონიტორინგის ჯგუფში ისინი უნდა იყვნენ ვინც მაგაში ერკვევაო’’ მერე რა მოხდა ვერც ჩვენ ვერკვევით, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთო. მკითხველო, ამას შენ დაარქვი სახელი.
ურწმუნო თომებს არ სჯერათ, რომ ნამდვილ არჩევნებში სააკაშვილი დამარცხდება-დამარცხდება იმიტომ, რომ მისი იდეურ მხარდამჭერთა რაოდენობა არ აღემატება9%-ს ხოლო სახელისუფლებო რესურსთან ერთად22%-ს. 78%და მეტიც უკმაყოფილოა ხელისუფლებით და თუ ეს კონტიგენტი დარწმუნდება არჩევნების სამართლიანობაში ...არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელი ამაღალდება. ჩვენი არაადეკვატურობა იმაშია,რომ წარუმატებლობას ამომრჩეველს ვაბრალებთ, სინამდვილეში არჩევნების ბედი კომისიებში წყდება და ეს პრობლემა არჩევნებამდეა მოსაგვარებელი.
რიგგარეშე არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტის განუყოფელი ნაწილია მისი მოთხოვნა ხალხის ლეგიტიმური უფლებაა. კრიზისის დაძლევა მშვიდობიანი ფორმებით შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებით. [ჯერ საპრეზიდენტო და მერე საპარლამენტოს ნეგატივი უკვე სამი წელია საკუთარ ტყავზე იწვნია მოსახლეობამ] საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროული ჩატარება ანახევრებს ხარჯებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ვერ ახდენს საპარლამენტოზე ზეგავლენას, რაც ხალხის ნების რიალურად ასახავის წინაპირობაა პარლამენტში.
გელა გურასპაშვილი
03 02 2011წ