|
მარიონეტები და ზნეობრივი ელიტა
სულიერი ღირებულებებისადმი ზიარება თავისუფლებაა, მათთვის თავდადება ამაღლებაა. სურვილებთან ვერ გამკლავება მონობა. მორჩილების პრიორიტეტი განსაზღვრავს პიროვნებას. ადამიანის ყველაზე დაბლა დაშვება არის ნებაყოფლობით ანგარებიანი თანხმობა თავისი არჩევანის გადაცემაზე არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, არამედ სრული უპირობო, უდავო მორჩილება ე.ი. მარიონატად ქცევა. მარიონეტი მშიერმუცელა მონა არ არის. პირიქით ის „წარმატებული“ ადამიანია, მაღალი ანაზღაურებით, მისაბაძიც კი, შესაძლოა მაღალი ჩინით, ექსპერტის ან ბიზნესმენის სტატუსით, ფორმალურად შესაძლოა დიდი ქონების მფლობელი. მარიონეტის უბედურების საწყისი: სულმოკლეობა, უსუსურობა, უნიჭობა და პატივმოყვარეობაა, უფრო ზუსტად ეს ის შემთხვევაა, როცა მისი შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს მის სიხარბეს. მის ვალდებულებაში მთავარი პატრონისადმი უპირობო ერთგულება და შეუპოვრობაა, უიმედო სიტუაციაშიც კი, ტყუილის მტკიცება რომელსაც არავინ დაიჯერებს, მაგრამ მაინც საჯაროდ იქნება წახალისებული. ასეთ ადამიანებს მომავალი არა აქვსო იტყვის მკითხველი და მართალიც იქნება იმ შემთხვევაში, თუ ერთეულებთან ექნება საქმე, მაგრამ ძალა ერთობაშია, მარიონეტთა ერთობა კოლექტივიზმის ნიმუშია და მათი წარმატების საფუძველი. მარიონეტების ინსტიტუტი მორჩილების აკადემიაა. ის ეფექტური და მზაკვრული ინსტიტუტია, რადგან სწორედ ნებაყოფლობითობა და არა მონობაზე იძულება ნიშნავს ვალდებულების შესრულების მაღალ გარანტიებს. იძულებას მონობაზე სერიოზული ნაკლი აქვს მონა და მონადმყოფელი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ, მარიონეტი კი მისი პატრონის ხელში საიმედო იარაღია. მათი არიალი სახელმწიფოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მიმართულია იმ ღირებულებათა წინააღმდეგ, რაც საზოგადოებას ერთიანს და შეუვალს ხდის. საზოგადოების გათითოკაცება, მოჩვენებითი წარმატებები, ტოტალური სიყალბე, შეტევა ტრადიციებზე და სულიერებაზე, ზიზღი და სისასტიკე. ყველაფრის ლაფში ამოსვრა და გარყვნილობის ტირაჟირება. ასეთია მათი სახე. მარიონეტის ამოცანაა დააბნიოს საზოგადოება რათა ადვილად სამართავი გახადოს, აბუჩად აიგდოს ყველა ვინც მათთვის ნიღბის ჩამოხსნას შეეცდება, ყველა ხერხით დასცინონ, მიუთითონ მათ სიბრმავეზე, ჩამორჩენილობაზე, საჭიროების შემთხვევაში დევნიან კიდეც. ეს ინსტიტუტი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დამაქცევარია ჩვენნაირი ახალი დემოკრატიის და სამართლებრივად ჩამოუყალიბებელი სახელწიფოსათვის. ამიტომაც:მორჩილებას გვასწავლიან თითოეულს და მთელ ერს ერთად. მარიონეტების ინსტიტუტის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია საიდუმლოს შენახვის უზრუნველყოფაზე და ამ პროცესების შეუქცევადობაზე, რაც მათ კეთილდღეობას და მათ დანაშაულებზე პასუხის მოთხოვნის შეუძლებლობებს უზრუნველყოფს, რაც უფრო ხანგრძლივია ეს პროცესი მით მაღალია საზოგადოების გადაგვარების და გაღატაკების დონე. მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლა კი კატასტროფაა ქვეყნისათვის ის წინაპირობაა სახელმწიფოს დაშლის ერის დეგრადაციის. მდიდარი მონა, აი რა არის ცივილიზაციისთვის ატომურ იარაღზე უფრო დიდი საფრთხე. მარიონეტების ერთობა ტოტალურად უზრუნველყოფილი იერარქიაა. მხოლდ თავდადებით მათთან დაპირისპირება უთანასწორო პირობებში აყენებს ერს. გმირობის მაგალითები მართლაც ჭარბადაა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ იბადება კითხვები: ამდენი თავდადებულის ყოლა ღირსება კია ერისთვის? ხომ არ მიუთითებს ეს ყოველივე ერის რაიმე ნაკლზე? და საერთოდ ეყოფა კი ქართველში ჩადებული თავდადების რესურსი ჩვენს დროში ერს თავის გადასარჩენად? იქნებ საფიქრალია აზროვნების ვექტორის შეცვლა? აშკარაა ქართული გონიერების ავანგარდმა ვერ ასწია სახელმწიფოს ჩამოყალიბების ინტელექტუალური უზრუნველყოფის მძიმე ტვირთი. იქნებ ინტელექტუალური ელიტისათვის დასაბრუნებელია მისი მეცნიერების და კულტურის ლოკომოტივის ბუნებრივი ადგილი სახელმწიფოს ცხოვრებაში, მისი მართვისთვის კი ახალი სიმაღლეა მოსაძებნი: ინტელექტის, ღირებულებების და სახელმწიფოებრივი აზროვნების სინთეზით, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს ზნეობრივი ელიტა.
|
Copyright © 2009 ქართული სახელმწიფოებრიობაAll Rights Reserved. |