მე 19-ე საუკუნის ქართველის მთელი ამბიცია რუსი ხელმწიფის სამსახურის ვიწრო ჩარჩოს არ უნდა გასცდენოდა, წითელი მმართველობის პერიოდში ნაცრისფერ მასასთან იდენტობა „გონებამოწესრიგებულობის“ განმსაზღვრელ ფაქტორად ითვლებოდა.

არც თაობებს და არც ქართულ სახელმწიფოს წარმატების იდეოლოგია, არამც თუ შეუქმნია - მის პოზიტივზეც კი არ უმსჯელია. მდგომარეობის სიმძიმის ხარისხს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ქართულში ამბიციის შესატყვისი სიტყვაც კი არ არსებობს, ილიამ მას „კმაყოფილების არ ქონა“ უწოდა და მისი მნიშვნელობა ასე გამოხატა: „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა კმაყოფილება არა აქვს, იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს“

ამბიცია პოტენციალში რწმენაა, რაც პიროვნების შესაძლებლობების თვითრეალიზებას უდგამს სულს - კაცის ბოლომდე დახარჯვა კი ღვთითკურთხეული ვალია.

ვინ იტყვის, რომ უამბიციო შემოქმედი ააგებდა სვეტიცხოვლეს? ან ყმაწვილი ალექსანდრე დაიმორჩილებდა გაუხედნავ ბუცეფალს? დიდგორზე ხუთჯერ მეტ მტრის ლაშქარზე იერიშის მიტანას გაბედავდა უამბიციო მეფე? წარმოსადგენია უამბიციო ენცო ფერარი, სერვანტესი, გალაკტიონი... იქნებოდნენ ეს გიგანტები თავისივე ფეხის მტვრის ფასი უამბიციოდ?

ამბიციურობის პიროვნულ ნაკლად წარმოდგენა ჩვენი მენტალური პრობლემაა, გაუმაძღრობასთან, მითუმეტეს ამპარტავნებასთან მისი აღრევა საზოგადოების ჩამორჩენილობის მახასიათებელი და ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორია.

თაობები ცდებოდნენ? - იკითხავს მკითხველი. ვფიქრობ არა, ამბიციურობა უსამართლო და უღმერთო ქვეყანაში დამატებითი უბედურებაა, მისი ასპარეზი სამართლიანი გარემო და წესრიგია.

არსად, არც ერთ ეპოქაში სხვისი ქვეყანა, სხვას არ აუშენებია, ქვეყნის მამოძრავებელი ძალა მოტივირებული, ნიჭიერი ადამიანია და არა თუნდაც მეგობრები, სხვისი ფული, თუ ქვეყნის გეოპოლიტიკა.

„კაცი ქმნის ფულსა, თუ ფული კაცსა?“  კითხულობს ილია, სამწუხაროა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ფორმულის არსი და მნიშვნელობა, არა მარტო გაგებული არ არის ჩვენი საზოგადოების მიერ, არამედ პრინციპულად საწინააღმდეგო, თავსმოხვეულ პოლიტიკას ვიღებთ უკრიტიკოდ. ვერ გავითავისეთ, რომ ხელგაწვდილობით არც პირადი აშენდება და არც საქვეყნო. შევცოდავ და ვიტყვი - ილია ცოცხალი რომ იყოს ღმერთს შესთხოვდა: „დაიფარეო საქართველო მეგობრებისგან, კრედიტისგან და დახმარებებისგანო.“ - ამასვე ადასტურებს დიდი ფრანგი მოაზროვნე „ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ქმნის ერს უღონოდ“ - ვოლტერი...

წარმატება ქიმერაა: ეროვნული იდეოლოგიის, რელიგიის დონეზე აყვანილი სამართლისა და ხალხის კეთილდღეობის გარეშე. ილია ამბობს: „ცოტად თუ ბევრად მაძღრობა ყველასი“ სავალდებულო პირობაა. რამდენადაც მაღალია სამართალი ფართო გაგებით, რაც ურყევია სამართლის აღსრულების გარდაუვლობის და ქვეყანაში შედეგზე გათვლილი ფუნქციონალური წახალისების სისტემა, მით პერსპექტიულია სახელმწიფო, - მაღალია მისი განვითარების ინდექსი.

სახელმწიფო თანხმობაა ცხოვრების წესზე, პრივილეგიებსა და სტატუსზე, რაც ინდივიდთა საზოგადოებისათვის მოტანილი სარგებლის ადეკვატურად უნდა განისაზღვრებოდეს, წახალისების სისტემა უნდა იყოს იმდენად მოქნილი, რომ პიროვნული ნეგატივიც კი [ანგარება, სულმოკლეობა და ა.შ] უნდა იდგეს ხალხის სამსახურში. თუ სახელმწიფოში მოქალაქეს არ მიეგება კუთვნილი, ან პირიქით, იარსებებს იოლად და უსამართლოდ სიკეთის მიღებისათვის დატოვილი ხვრელები, მის ამოვსებამდე ხალხი სიკეთეს არ უნდა ელოდოს. იოლად ცხოვრება ავადმყოფობაა, რომლისგან განკურნების სურვილი საზოგადოების აბსოლიტურ უმრავლესობას არა აქვს, ამიტომ მას მთელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება უნდა ებრძოლოს.

წახალისება ქვეყნის წინსვლის ავანგარდია - ის სახელმწიფოს ყველა მახასიათებლის ერთობლიობაცაა და ერთ ვექტორში ჩასმაც.

სახელმწიფოს წარმატების უდავო პირობაა - ძალაუფლბის ხალხისთვის კუთვნილება. მამაო ჩვენოსავით უნდა გვახოვდეს: „ხელისუფლება ან ეკუთვნის ხალხს, ან ბნელეთს.“