ილიას სახელმწიფოებრიობის მოძღვრება არ შეუქმნია, მაგრამ მისი ხედვა სახელმწიფოს მოწყობის ბევრი მიმართულებით უდავო ღირებულებაა. სამწუხაროა რომ ილიას ნააზრევს ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მიზერული ნაწილი იცნობს, როგორც ჩანს სააკაშვილის ხელისუფლება ამ მიზერში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ მათ კაბინეტებს არ აკლიათ  ერის  მამის  პორტრეტები,  და თითოოროლა კუპლეტიც იციან ილიას პოეზიიდან, სახელმწიფოს მოწყობა 180 გრადუსით ილიას ხედვის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

 

ილია თვითმმართველობის შესახებ

 

1.ხმა და არჩევის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივ მცხოვრებსა, რაკი სრულწლოვანია; მაშასადამე ყოველს მოვალეობაშიაც ყოველს მცხოვრებს წილი უნდა ედვას;

2.ადგილობრივის სამმართველოს ხელქვევით უნდა იყვნენ ყოველნი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობს; აქ, როგორც პირველ შემთხვევაში, წოდებათა შორის განყოფილება და ხარიხების გადება მავნებელია და თვითმართველობის ბუნების წინააღმდეგია;

3.ადგილობრივი მოსამართლენი, აგრეთვე მოხელენიცა, უნდა ამოირჩიონ ადგილობრივ მცხოვრებთა;

4.ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხისმგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა   თავისთა უფროსთა წინაშე.                     

5.ეს კია,რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლოვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვითმართველობას, თუ მარტო სოფელში დაიწყება და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოყვეს, მაზრას-გუბერნია.

ამ გვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობას: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის. თუმცა ესე, მაგრამ მაგ თვით-მმართველობას ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილ უბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ საშიშარიაო-საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდან გავაო.

 

სოციალური   ხედვა

 რა არის სიმდიდრე ერისა? ასში და ათასში ერთის ოქროში ჯდომა, თუ ცოტად თუ ბევრად გათანასწორებული მაძღრობა ყველასი? ჩვენ უკანასკნელი გვგონია და ეგ უკანასკნელია, ჩვენის ფიქრით, ერთადერთი საწყაო ერის სიმდიდრისა.

                                                   <  რა არის სიმდიდრე ერისა?> 1889წ 21იანვარი

              

სასამართლოს   შესახებ

  ილია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამართლის ხელმისაწვდომობას ყოველი მოქალაქისთვის, სასამართლოს შესახებ კი ამბობს:  ნდობის მოსაპოვებლად ისე კანონის ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნებისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა, ერთის სიტყვით, ყოველ იმისა, რითაც გარე-მოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ,-და ამასთანავე საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფაცხოვრება.

              

   ხალხის კანონმორჩილების და სამართლის წყურვილის სადემონსტრაციოთ ილიას მოჰყავს ხალხის ნათქვამი: ,,სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო’’

              

  რაც უნდა მდიდარი იყოს ქვეყანა ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი, კაცთა უფლება და მოვალეობა ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაო და განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილ-დღეობა, თუ ყოველ-დღე უკან არ იწევს,შეფერხებული ხომ არის და არის.

              

სამართალი   და ზღვა

 მართლიერება, სამართალი, მთელი ერის განწმენდილი სინდისია, მთელი ერის განწმენდილი ნამუსია, და როგორ უნდა იკადროს ამ საყოველთაო სინდისმა, ამ საყოველთაო ნამუსმა, ჯიბრში ჩაუდგეს უბედურს შემცოდებელსა და ,,კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ’’ მოსთხოვოს. აქ საჭიროა მორჯულება შემცოდველისა და არა ჯვარცმა და შანთით გლეჯა ხორცისა, ტანჯვა და წვალება.

                                       

                                         

ცხოვრება და კანონი

სამართალი და  განათლების საქმე ასეთი უაღრესნი და არსებითი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილ-დღეობისთვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯის შიში მეტად მავნებელი რამ არის,როგორც საზოგადოებისთვის ისე სახელმწიფოსთვის. სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია, რომელიც ჰსნთქავს ხალხის სიმდიდრესა, მახვილია, რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელთ-მოქმედებას და ეკონომიურს წარმოებას. ფული ორმოში იმალება იქ, საცა იმედი გადაწყვეტილია,რომ ჩემი ნაწარმოები ჩემი არ იქნება,თუ ვინმემ გაბედა და შემეცილებაო. და თუ ფული არ მუშაობს, თუ ხალხში მკვიდრი იმედი არ არის დამყარებული, რომ ყოველს ცილებას ადვილად გადამირჩენს სასამართლო, ყოველს დანაკარგს ადვილად და სწრაფად  დამიბრუნებსო, მაშინ სიმდიდრე ხალხისა  და აქედან სიმდიდრეც სახელმწიფოსი ამაო ნატვრაა. მაშინ ურთიერთშორისი ყასტი, ესტიბარი[კრედიტი], ნდობა გატეხილია და, საცა ეს არ არის ფრთა-გაშლილი და ფეხ-აგმული, იქ ნიშადურიც რომ ამოსცხოთ ხალხს სიმდიდრეს და ხაზინას, რომლის მხოლობითი წყარო ხალხის სიმდიდრეა,-ერთ ნაბიჯსაც წინ ვერ წაადგმევინებთ.       კანონის სიმტკიცე, სიმკვიდრე, მიუდგომლობა, დადგრომილობა, არამც თუ დიდი რამ არის-ჩვენი ფიქრით, მიუცილებელია საზოგადოების, თუ სახელმწიფო სიმდიდრეებისთვის და ეგე ყველაფერი მაშინ არის,როცა სამართალი რიგიანად არის აგებული და რიგიანად წარმართებული. ყველამ უნდა იცოდეს მეთქი გულდადებით, რომ მე ჩემი მალე დამიბრუნდება, მე ჩემი არ დამეკარგება, ერთის სიტყვით, სამართალი და კანონი  უნდა ყველას  სწამდეს თავის მფარველად, თავის სახსნელად.                 

              

ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ

საკვირველია რომ დღეს-აქობამდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად არ მოიძევება ასე რომ, ერთს კომლს ჩვეულებით დადგენილზე მეტი არ შეეძლო მამულები დაეჭირა. ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და   დღესაც  აქობამდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისმე და არა სასოფლო.                    

                                                                                                             1880წ  18იანვარი