ჩვენი მენტალიტეტი პოსტულატი არ არის, ის გარემოების, საქართველოს ისტორიის და ქართული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალობის ანარეკლია. სწორედ ეს უკანასკნელი აიძულებდა მუდმივად საქართველოს მოსახლეობას არსებული სიტუაციიდან ეძებნა გამოსავალი, რადგანაც უდიდესი სამი იმპერიის გზა გასაყარზე მათ შორის კავკასიაში ურთიერთობის მარეგულირებლის ფუნქცია ენიჭებოდა.

1801 წლიდან საქართველოში მონარქიის გაუქმების შემდეგ მან ეს ფუნქციაც დაკარგა და ეროვნული გადაგვარების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. უმეფოდ დარჩენილ ხალხს ორიენტირი გამოეცალა და შეუგუებლობის შემთხვევაში ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრა.

კომუნისტების მმართველობის წინა პერიოდში ინტელექტუალი საზოგადოების სერიოზული ნაწილის რეპრესიები, არნახული შიში, ტერორი და ათეულობით წლებით ჩაკეტილ სივრცეში მსოფლიო ცივილიზაციასთან კონტაქტის თითქმის არ ქონა ღრმა იარაა ჩვენს მენტალიტეტში.

1956 წელს კი თბილისსა და ბუდაპეშტში განვითარებულმა მოვლენებმა საბჭოთა ხელისუფლებას დაანახა, რომ მხოლოდ ხიშტების შიშით ხალხის მართვა მაღალეფექტური ვერ იქნებოდა, იყო მეორე არანაკლები მნიშვნელობის ფაქტორი, რომ მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზია გამოცხადებულ სახელმწიფოს დამახინჯებული ხალხთა ბედნიერების ფასადი არ გამოადგებოდა, ამიტომ გაკეთდა არჩევანი: არჩევანი, რომელიც ფორმალურად ხალხთან ურთიერთობის დათბობას, კანონისა და სამართალაღსრულების სიმკაცრის შერბილებას გულისხმობდა. სინამდვილეში ისეთ „ცხელ წერტილებში“, როგორიც მაგალითად საქართველოა, უმთავრესი მიზანი მთელი საზოგადოების ნელ-ნელა და მეთოდურად დამნაშავედ ქცევა იყო, თუ დაბალ ფენებში სახელმწიფო ქონების წვრილმანი ქურდობის უფლება თითქმის არ იკრძალებოდა, მათი უფროსობისათვის დატაცების მასშტაბები ასმაგდებოდა და ათასმაგდებოდა. მასიური ხასიათი მიიღო ფალსიფიცირებული და მარცხენა პროდუქციის წარმოებამ.

თითქმის მთლიანად კორუმპირებული გახდა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ვერტიკალი, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქრთამს წმინდათა წმინდა ეწოდებოდა, წახალისებული იქნა დამნაშავეთა სამყარო, ცენტრალიზებულად იქნა ორგანიზებული ნარკოტიკების გავრცელების ქსელი. რა თქმა უნდა, არც ერთი ნორმალური საზოგდაოება ამას არ მიიღებდა, რომ არა მატერიალური კეთილდღეობის მიბმა ამ ნეგატივთან.

განსაკუთრებული ყურადღება იყო გადატანილი საზოგადოების ელიტარულ, - განათლებულ ნაწილზე, ხელოვნებისა და კულტურის ავანგარდზე, სახსრები იდებოდა, როგორც მათი შესაძლებლობის რეალიზებაზე ისე მათ პირად კეთილდღეობაზე. იერიში მიტანილი იქნა არა მარტო სუბიექტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და ახლობლებზე.

მატერიალური წახალისების გარდა, გაჩნდა კასტები სოციალური სტატუსით, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეს თითქმის სამართალვალდებულების მიღმა ყოფნის საშუალებას აძლევდა. ამას დაემატა სუბიექტური ფაქტორი - პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირთა პიროვნული როლი.

ცენტრალური დაფინანსების ზრდის გარდა, ქვეყანაში შემოდიოდა შავი ფული, რომელიც მთლიანობაში საზოგადოების ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობებსების საშუალებას იძლეოდა. სახელმწიფოში არსებული სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობის ზრდა საფუძველი გახდა ქართული კინოს, თეატრის, მწერლობის, მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების არნახული წარმატებისა. შეიძლება თამამად ითქვას - ეს იყო ქართული რენესანსი, რამაც ქართული კულტურა მსოფლიოს მოწინავე ხალხების კულტურათა რიგში ჩააყენა. ანომალიაა, მაგრამ რეალობაა: ანაქსირებული საქართველოს მოსახლეობა მატერიალურად დამპყრობელზე უკეთეს პირობებში ცხოვრობდა.

მოხდა მენტალური კატასტროფა, ხალხის კეთილდღეობა სამართალთან- პიროვნულ ღირსებასთან წინააღმდეგობაში მოვიდა.

მივიღეთ საზოგადოება: განათლებული, ღირებულებებდევალვირებული, გაზარმაცებული, რელიაგიასთან დისტანცირებული, კოლექტიური თავდაცვის და სახელწიფოებრივი ერთობის ინსტიქტ გაცლილი და სამართალთან ნიჰილისტურად განწყობილი. ჩვენი საზოგადოება ლომის იმ ბოკვერივით არის გამეტებული, რომელიც ზოოპარკში უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მოხუცი ლომის მიერ მონათხრობი სავანის დებულებაზე, თავისუფლებასა და მის მეფურ წარმომავლობაზე მოსვენებას არ აძლევდა. მიეცა რა შანსი ოცნება აისრულა, გალიიდან გაიქცა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რომ, თავისუფლებისათვის ძვირი ხარკი აქვს გასაღები: სასწორის ერთ მხარეზეა მისი გამართლებული გენეტიკური კოდი, მეორეზე კი იმ უნარჩვევების უქონლობა, რომელიც ჯუნგლში გადარჩენისათვის აუცილებელი პირობაა და ზოოპარკში არ ისწავლება.

ჩვენი მენტალობის სრულფასოვანი ანალიზისათვის საჭიროა მსოფლიო ხალხების და ცივილიზაციის ავანგარდში მყოფ ერებთან პარალელის გავლება, განსაკუთრებით იმ პროფილში დანახვა, როცა ისინი განსაცდელში იმყოფებიან. ყველაზე მკაფიო მაგალითი ამისა არის გერმანელი ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე დაამტკიცა, რომ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. უფრო მეტიც, თუ შეიძლება ვინმეს ეწოდოს ცივილიზებული ერი ერთ-ერთი პირველი გერმანელებს, მაგრამ ისმის კითხვა: განა გერმანელთა აბსოლიტური უმრავლესობა მყარად არ უჭერდა მხარს ფაშიზმს? განა ომის შემდეგ სულიერად და მატერიალურად დაცემული გერმანელი უკეთესად გამოიყირებოდა, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენელი, თუნდაც ქართველი? ანალოგიაა ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი მიქელანჯელოს და ლეონარდო და ვინჩის იტალია ერთის მხრივ და მუსოლინის ფაშიზმით გაბრუებული იტალია მეორეს მხრივ. განა იტალიელები, ამის გამო განუწყვეტლივ ლაპარაკობენ თავის ნეგატივზე? ჩვენ ცუდად ვიცნობთ სხვათა მენტალობას, სხვა ერების ჩრდილოვან მხარეებს, შესაძლოა ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. განა სამართლიანი იქნება მტკიცება, რომ ასეთივე დროში გავრცობილი პრესის ქვეშ სხვა, თუნდაც მოწინავე ერები უკეთესად იქნებოდნენ მენტალობის თვალსაზრისით, ვიდრე ქართველობა.

ჩვენზე ძვირის ლაპარაკი მტრის იდეოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია. თვითკრიტიკას, რიგითობასა და დოზირებას დაცვა  უნდა, კრიტიკას საზოგადოება შეცდომების გამოსწორებისათვის, თაობების აღსაზრდელად უნდა იყენებდეს და არა ქვეყნის ნგრევის პროვოცირებისთვის. თითოეულს კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არავის არ აქვს უფლება ცხვირის აწევით ელაპარაკოს მის უდიდებულესობა ქართველ ერს, რომელმაც მონობაშიც კი მოახერხა შეექმნა რენესანსი. ერზე ძვირის თქმას ილიობა უნდა და ილიასებური ზღვა სიყვარული ერის მიმართ: მოყვარეს პირში უზრახეო ამბობს, მაგრამ ის ამას მოწიწებით და დიდი სიყვარულით აკეთებს და არა გაბრაზებული და კრიჭაში ჩამდგარი. თან გამოსწორების გზებს სთვაზობს ერს, რომელსაც დიდი სიყვარულისა და ღვაწლის სანაცვლოდ დაფნის გვირვინად ცხელი ტყვია ქვს გამზადებული: ყველაზე ღირსეული და თავდადებული შვილებისათვის და ამის მიუხედავად ყველა თაობაში თითო მაინც იბადება ისეთი, ვინც შეგნებით ეწირება თავის ქვეყანას. ესაც ეტყობა ქართული გენის ერთი პარამეტრია.